ევროკომისია მორიგ სკანდალში - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას სწორედ ის აფინანსებდა.
პოლონური "ვიშე გრად 24"-ის, ესპანური "ლა გაზეტა"-ს და ბელგიური "ბრასელს სიგნალი"-ს საგამოძიებო მასალების მიხედვით, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა ევროკავშირისგან მილიონობით ევრო და ფრანკი მიიღეს - საფრანგეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ 5 560 000 ევრო, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წელს 1 930 000 შვეიცარიული ფრანკი, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგისა და იტალიური "არჩი" ერთობლივი პროექტი 603 140 ევროთი დაფინანსდა, ხოლო იტალიის პროფკავშირების კონფედერაციამ 270 520 ევრო მიიღო.
ევროკომისიის გარდა, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია, 620 617 შვეიცარიული ფრანკით, ჯორჯ სოროსის ფონდმაც დააფინანსა.
საერთაშორისო მედიის გამოძიება ოფიციალური თბილისისთვის კიდევ ერთი დასტურია, თუ რატომა არის საჭირო უცხოური ფინანსების გამჭვირვალობა.
ქართული ოპოზიცია დღესაც ამტკიცებს, რომ საქართველოში გამართული აქციები მშვიდობიანი იყო. საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალასა და ევროკომისიის მიერ არეულობის შესაძლო დაფინანსებაზე კი საუბარი არ სურს.
საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უკვირს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" დღეს საქართველოში გამართული ძალადობრივი აქციები გაიხსენეს. დედაქალაქის მერის შეფასებით, ის რადიკალური ქმედებები, რომელსაც თბილისში ახალისებდნენ, ახლა ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ თავის ქვეყანაში მიიღო.
ადასტურებენ თუ არა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ და რა მიზნებს ემსახურება მსგავსი სტრუქტურების მხარდაჭერა? - ამ კითხვებით, ევროკომისიას "რუსთავი 2-მა" ოფიციალური წერილით უკვე მიმართა, თუმცა ბრიუსელი ჯერ დუმს.