ავტომობილით, რომლის ძრავში საბრძოლო მასალა იყო დამალული, თურქეთის მოქალაქემ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო - მძღოლი სარფის ტერიტორიაზე პოლიციამ დააკავა.
"კურიერის" ინფორმაციით, საბრძოლო მასალით დატვირთულ "ფორდის" მარკის ავტომობილს მუსტაფა ბილგინი მართავდა.
თურქეთის მოქალაქის დასაკავებლად საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
ხელყუმბარები და კაფსულ-დეტონატორები იყო დამალული ტრაილერში, რომელიც ბათუმის პორტში შევიდა. საეჭვო ავტომობილი სპეციალური სკანერით დაათვალიერეს - სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა მისაბმელის ქვედა ნაწილში მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალური ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. დანაშაულისთვის დაკავებულია 12 პირი, 2 კი მხილებული. ირკვევა, რომ ნაწილი მათგანი ცეცხლსასროლ იარაღებს სისტემატურად ყიდდა.
ავტომატები, სხვადასხვა ტიპის პისტოლეტები, თოფები, ვაზნები და ხელყუმბარები - დაკავებულებს სახლებში, ავტომობილებში და სპეციალურ სათავსოებში ჰქონდათ დამალული. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნივთმტკიცებები ცხრეკისას ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია მძიმე დანაშაულის ჩადენის პრევენციას ემსახურება - შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და გასაღება 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.