04 ივნისი 2026,   12:15
ვრცლად
გლობალური ბუნდოვანების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა - პრეზიდენტი

“მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და სრულიად მსოფლიო დგას”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა.

„დღეს ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, თუ როგორ იწერება კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი. საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება. სამყარო ერთპოლუსიანი სისტემიდან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე გადადის, მომავალი კი სულ უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ხდება. კონფლიქტების მდგრადი და სამართლიანი გადაჭრა კიდევ უფრო გართულდა, ხოლო გლობალური მშვიდობა დღეს უფრო მყიფეა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობებში წინა პლანზე გადმოდის ძალის ფაქტორი, მკაცრი რეალიზმი და პრაგმატიზმი. გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები