02 აგვისტო 2026,   04:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. უახლოეს 2 დღეში მთავრობის მეთაურს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები კიდევ ერთხელ, ამჯერად სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვდებიან და საუბარს უშუალოდ დაავადების სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გააგრძელებენ.

მთავრობის კანცელარიაში ჩანიშნული ვიზიტი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მშობლების თქმით, მოისმინეს ყველა საჭირო და აუცილებელი შეკითხვა, მთავრობის ადმინისტრაცია პოზიტიური და იმედის მომცემი განწყობით დატოვეს და თქვეს, რომ პრემიერთან კომუნიკაციის შემდეგ, ქმედითი ნაბიჯების პერსპექტივაში დარწმუნდნენ.

მშობლებთან აქტიური მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბავშვთა ინტერესების დაცვა ყველას საზრუნავია, ამიტომაც საჭიროა, რომ პრობლემურ მიმართულებაზე საკითხის გადაჭრის გზები ერთობლივი ძალისხმევით დაისახოს.

მშობლებთან შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე ყველა ქვეყანა მუშაობს, ნაჩქარევ ნაბიჯს ვერც საქართველო გადადგამდა და გადაწყვეტილებებიც ანალიზის საფუძველზე მიიღება.

სამთავრობო გუნდის წევრების განცხადებით სახელმწიფოს ინტერესია ეფექტიანი და რეალურად სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ თემას ფრთხილი მიდგომა სჭირდება და პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი უნდა იყოს.

საქართველოში დიუშენის კუნთოვან დისტროფიას 100-მდე ადამიანი ებრძვის. სახელმწიფო მათ სამედიცინო სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს.

მუშაობს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. სერვისების ფარგლებში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მულტიდისციპლინური, სრულყოფილი სამედიცინო მეთვალყურეობა, პროგრამა 100%-ით, ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, მათ შორის სპეციფიკურ ანალიზებს. სერვისით სარგებლობა კი 18 წლამდე პაციენტების გარდა სრულწლოვან პირებსაც შეუძლიათ.

დღის ამბები