თბილისის საქალაქო სასამართლომ, "საქართველოს რკინიგზაში" კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და კიდევ ერთ პირს, ზაზა ბიძინაშვილს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, გაყალბებული დოკუმენტებით, 22 000 ტონაზე მეტ შავ ლითონს დაეუფლნენ, რითაც "საქართველოს რკინიგზას" დიდი ოდენობით, 17 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი მიადგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.