18 ივნისი 2026,   10:32
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა

20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა. დარბევის დროს დაზარალებულმა 2019 წლის მძიმე ღამე გაიხსენა და განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ყოფილ პრემიერს არ ეკისრება.

"შეკითხვებზე გავეცი პასუხი. ძირითადად, კითხვები იყო პოლიციელების მიმართ თუ იყო რაიმე ძალადობა განხორციელებული მოქალაქეების მხრიდან, ან როდის რა ღონისძიებებს ატარებდნენ პოლიციელები. გავიხსენე 20 ივნისის ღამე - მისვლიდან ტყვიის მოხვედრამდე," - განაცხადა მაკო გომურმა.

დაცვის მხარე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ყოფილი პრემიერის მოქმედებებსა და დამდგარ მძიმე შედეგებს შორის კავშირი არ არსებობს.

"არანაირი კავშირი გიორგი გახარიას კონკრეტულ მოქმედებასა და იმ შედეგს შორის, რომელიც ძალიან მძიმე შედეგის სახით მაკო გომურზე აისახა, არ ჰქონია. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ყველანი აბსოლუტურად ღიად გავიგებთ, რეალურად რა მოხდა 20 ივნისს," - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორის, მარიამ გიგაურის თქმით, დაზარალებულთა ჩვენებები არსებითად მნიშვნელოვანია გიორგი გახარიას ბრალეულობის დასადასტურებლად.

"სხდომაზე ორი დაზარალებული დაიკითხა, მათ შორის, მაია გომურიც. დაზარალებულებმა ისაუბრეს აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და რა ვითარებაში მიიღეს მათ დაზიანება. მოყვნენ იმ დეტალების შესახებ, რომ მათი მხრიდან სამართალდამცავთა მიმართ არ იყო არანაირი დაპირისპირება და ასეთ ვითარებაში, როცა არ იყო არანაირი საჭიროება სპეციალური საშუალებების გამოყენების, სწორედ ასეთ ვითარებაში მიიღეს დაზიანებები. რა თქმა უნდა, ეს არსებითად მნიშვნელოვანია იმ სისხლის სამართლის საქმეზე იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ იმ ვითარებაში, სადაც არ იყო საჭირო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გიორგი გახარიას ბრძანებიდან გამომდინარე, ხორციელდებოდა მათი გამოყენება," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები