26 ივნისი 2026,   20:04
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეების განხილვა გრძელდება - თელავის სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ზაქარია მარკოზაშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას შეურაცხყოფა მიაყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეების განხილვა გრძელდება. თელავის რაიონულმა სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ზაქარია მარკოზაშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ვიკა ბუკიას. ამავე სასამართლოში, პირველ ივლისამდე გადაიდო მოქალაქე იოსებ ჭუაძის საქმის განხილვა, რომელმაც უცენზურო სიტყვებით თეა წულუკიანი და ლევან მურუსიძე მოიხსენია.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლოებში, ამ ეტაპზე, ასამდე საქმე განიხილება.

"დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დათვალიერდა როგორც პოსტები, ასევე კონკრეტული კომენტარები, რომლებიც წარმოადგენდა სავარაუდო სამართალდარღვევას. შეფასებული იყო, თუ რამდენად ექცეოდა კონკრეტული კომენტარები გამოხატვის თავისუფლებაში, თუ თავისი შინაარსის და უხამსობის გათვალისწინებით უკვე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას. დღეს განხილული საქმეებიდან ერთი საქმე დასრულდა გადაწყვეტილების გამოცხადებით - პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ორ საქმეზე ერთი საქმის გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო სხვა დროისთვის, ხოლო მეორე საქმე გადაიდო, ვინაიდან მხარეს სათანადო წესით ვერ ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ.

დღის ამბები