02 ივლისი 2026,   07:43
ვრცლად
პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები, შერჩევითი მართლმსაჯულება და ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე, ოპოზიციასა თუ დამოუკიდებელ მედიაზე - ევროპის სახალხო პარტია უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს

პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები, შერჩევითი მართლმსაჯულება და სამოქალაქო სექტორზე, ოპოზიციასა თუ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომლებსაც ევროპის სახალხო პარტია უკრაინის ხელისუფლებას უყენებს. მიღებულ რეზოლუციაში ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანება ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და ოპოზიციაზე პოლიტიკური დევნის გამო.

ვენაში მიღებულ დოკუმენტში ევროპელი კანონმდებლები გმობენ უმაღლესი რადას წევრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსაც. რეზოლუციის ავტორები ოფიციალურ კიევს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადახედოს ყველა იმ ხელოვნურ აკრძალვას, რომელიც არჩეულ დეპუტატებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საპარლამენტო საქმიანობაში ხელს უშლის. უკრაინის ხელისუფლებას ისიც შეახსენეს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შესაბამისი დემოკრატიული რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება.

უკრაინაში რეფორმების უკუსვლის გამო მზარდი შეშფოთებაა ბრიუსელშიც. საკითხს გამოცემა "The Kyiv Independent"-მა ვრცელი საგამოძიებო სტატიაც მიუძღვნა. მოპოვებული ცნობების თანახმად, ევროკავშირის მაღალჩინოსნები უკმაყოფილოები არიან იმ ფუნდამენტური რეფორმების ტემპით, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელია. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ პროცესს ხელს უშლის მთავრობის მხრიდან არასათანადო კომუნიკაცია, ევროკავშირის მოთხოვნების ბუნდოვანება და ომის მძიმე პირობებში დაწესებული, ზედმეტად ამბიციური დღის წესრიგი.

მედია წერს, რომ ევროკომისია უკრაინაში რეფორმების ტემპთან დაკავშირებით საჯაროდ კრიტიკული განცხადებებისგან თავს იკავებს. უპასუხოდ რჩება ბრიფინგებზე ჟურნალისტების მიერ ამ პრობლემასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვებიც.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები