მოლდოვის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციისა და ნეპოტიზმის სქემა საგამოძიებო ჟურნალისტებმა გამოავლინეს. გაირკვა, რომ მაია სანდუს ბიძაშვილი, ანასტასია ტაბურჩეანუ, აერონავიგაციის სახელმწიფო უწყებაში კონკურსის გარეშე დასაქმდა. მისი ხელფასი კი თვეში 6 000 ევროს აღწევდა.
ამავე საქმეში ფიგურირებს თავად უწყების ხელმძღვანელიც. გავრცელებული მასალების მიხედვით, "მოლდაცას" დირექტორი, დუმიტრუ ვანგელი, თანამდებობაზე გაყალბებული დიპლომითა და სხვა დოკუმენტებით დაინიშნა. მედია წერს, რომ მაღალჩინოსანმა თანამდებობაზე ყოფნისას უწყებაში კონკურსის გვერდის ავლით კიდევ არაერთი პირი დაასაქმა.
სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის კიდევ ერთმა ბიძაშვილმა. ტატიანა ბატინი პარლამენტის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ცნობილია ისიც, რომ მისი მეუღლე წარსულში ბიზნესს აწარმოებდა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ლატვიელ ბიზნესმენთან, რომელიც რუსეთის არმიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით ამარაგებდა.
კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები მხოლოდ სანდუს გარემოცვით არ შემოიფარგლება. უკანონო შემოსავლებისა და ინტერესთა კონფლიქტის გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კაროლინა ნოვაკი. ოფიციალური მონაცემებით, ის ერთდროულად რამდენიმე უწყებიდან იღებდა ანაზღაურებას.
მედია მოლდოვის პრემიერ-მინისტრის გადადგომას სწორედ კორუფციული ბრალდებებით გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებს. რვათვიანი მმართველობის შემდეგ, ალექსანდრუ მუნტეანუმ თანამდებობა მინისტრთა კაბინეტთან ერთად დატოვა. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზზე თავად არ უსაუბრია, თუმცა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობაზე დარჩენა მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალექსანდრუ მუნტეანუმ პრეზიდენტისგან საკადრო გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და რეფორმების გასატარებლად სრული თავისუფლება მოითხოვა, თუმცა მმართველმა პარტიამ მისი პირობები არ მიიღო.
სამთავრობო კრიზისის ფონზე, იგორ დოდონის "სოციალისტთა პარტია" საპარლამენტო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი კორუფციული სკანდალების მიჩქმალვას ცდილობს.
ხმაურიანი კორუფციული საქმეები მოლდოვასა და ევროკავშირს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერიოდს ემთხვევა. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ ნეპოტიზმისა და მმართველობის კრიზისის ფონზე, მოლდოვას შესაძლოა გაუჭირდეს იმ რეფორმების გატარება, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე