06 ივლისი 2026,   22:54
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა 170 სამართალდამრღვევი გამოავლინა - სასამართლომ დღეს კიდევ რამდენიმე პირი დააჯარიმა

ბექა ქურხულმა სასამართლოს შენობა მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. მოქალაქემ საჯარო სივრცეში, ასევე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და გია გაჩეჩილაძეს.

როგორც გაირკვა, ეს პირველი კანონდარღვევა არ არის, რომელიც ქურხულმა ჩაიდინა. მას სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმა უკვე დაკისრებული აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კანონდარღვევისა და კანონდამრღვევის იდენტიფიცირება საკმაოდ სწრაფად მოხდა. სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებებიც გადაეცა, რის საფუძველზეც ბექა ქურხულს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება კიდევ ერთ საქმეზე - პოლიტიკოს ანა წითლიძის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. მოქალაქე გივი ბერიშვილს, რომელმაც წითლიძეს გარეგნობასთან დაკავშირებით შეურაცხყოფა მიაყენა, მოსამართლემ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა მდინარაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ბორჯომის მაგისტრმა სასამართლომ გრიგოლ ლინიკოვი 1500 ლარით დააჯარიმა. ლინიკოვი სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებას დაეთანხმა.

სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფის ფაქტიც განიხილა. მამუკა ჭოხონელიძემ შალვა პაპუაშვილის მიმართ უხამსი განცხადება საჯარო სივრცეში, კერძოდ კი სოციალურ ქსელში გააკეთა. ჭოხონელიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, სასჯელის სახედ კი 4000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა.

სასამართლო სხდომები გადაიდო ბორჯომსა და ბათუმში, სადაც მოსამართლეებს პოლიტიკოს ვატო შაქარაშვილისა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შეურაცხყოფის ფაქტებზე უნდა ემსჯელათ. სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა მოსამართლეებს შესაბამისი მტკიცებულებები უკვე გადასცა.

დღის ბოლოს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ბესიკ ანდღულაძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატ ეკა ჭიჭინაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანდღულაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და შეიცავდა ღირსების შელახვის პირდაპირ ნიშნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა მუშაობა 1 ივნისს დაიწყო. უკვე გამოვლენილია 170 სამართალდამრღვევი, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფა მიაყენეს. უწყებაში განმარტავენ, რომ დეპარტამენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ჯანსაღი დისკუსიის კულტურის დამკვიდრებაა, რაც პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები