08 ივლისი 2026,   01:22
ვრცლად
"შეწყვიტეთ საკუთარი თავის შერცხვენა" - კონგრესის რესპუბლიკელების დაპირისპირება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

აშშ-ის კონგრესის ორ რესპუბლიკელს, სენატორ როჯერ უიკერსა და კონგრესმენ ჯო უილსონს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა საჯარო დაპირისპირებაში გადაიზარდა, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

დაპირისპირების მიზეზი მომავალი წლის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩარლსტონში გამართვის გეგმა გახდა, რამაც კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირა.

უთანხმოება მოულოდნელად გამწვავდა: სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა ჯო უილსონს აცნობა, რომ ჩარლსტონი, რომელიც მომავალი წლის სესიისთვის უნდა ემასპინძლა, აღნიშნული ღონისძიებისთვის შეუფერებელი იყო. უიკერის არგუმენტები "კვების არასაკმარის პირობებს" და პერსონალის უზრუნველყოფის მაღალ ხარჯებს უკავშირდებოდა.

როგორც მედია წერს, უილსონი უიკერის ამ განცხადებამ გააოგნა.
კონგრესმენმა აღნიშნული მიზეზები "შეურაცხმყოფელად" შეაფასა და დასძინა, რომ ღონისძიების ორგანიზება ადგილობრივი რესურსებითა და მოხალისეებით მარტივად იყო შესაძლებელი.

კონფლიქტი მაშინ გამწვავდა, როცა უიკერმა, სესიის მიმდინარეობისას, უილსონს ტექსტური შეტყობინებით მოსთხოვა, "შეეწყვიტა საკუთარი თავის და აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა". მეტიც, უიკერმა უილსონს და მის ოჯახს აშშ-ში დასაბრუნებელი დელეგაციის თვითმფრინავით სარგებლობა აუკრძალა. მართალია, მოგვიანებით უიკერმა ეს გადაწყვეტილება "გააუქმა", თუმცა მათ შორის კვლავ დაძაბულობაა.

უილსონის განცხადებით, უიკერი სპიკერ მაიკ ჯონსონს უსამართლოდ იყენებდა და ცდილობდა, მასზე გადაებრალებინა ღონისძიების ჩაშლა, რაც სპიკერმა უარყო. კონგრესმენი ხაზს უსვამს, რომ არსებული გაურკვევლობა ამერიკის რეპუტაციას აზიანებს:

"ეს ევროპელებისთვის მცდარ მესიჯს აგზავნის, რომ ამერიკა არასანდოა. ევროპული ქვეყნები მოუთმენლად ელოდნენ აქ ჩამოსვლას. როჯერ უიკერისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ აზრი შეიცვალოს", - აცხადებს უილსონი.

ამჟამად უილსონი აქტიურად მუშაობს ღონისძიების ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე და აცხადებს, რომ 4 მილიონი დოლარის მოძიებას დამოუკიდებლად, ბიუჯეტის კანონის ან შესაბამისი რეზოლუციის ფარგლებში შეძლებს. პარალელურად, უიკერის მიერ აშშ-ის მასპინძლობაზე უარის თქმის შემდეგ, სერბეთმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ეუთო-ს მომავალი წლის სესიას თავად უმასპინძლოს.

ამ დროისთვის სენატორ როჯერ უიკერის ოფისს დაპირისპირებისა და სკანდალური მიმოწერის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ჯო უილსონი კი აცხადებს, რომ მზადების პროცესი მიმდინარეობს და ის გეგმას არ შეცვლის.



დღის ამბები