09 ივლისი 2026,   14:29
ვრცლად
"პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიქცევა დიდ "ფანზონად," საფეხბურთო ტრანსლირების გარდა, გაიმართება სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობა" - თბილისის მერიის წარმომადგენელი

საფეხბურთო ზეიმი "რუსთავი 2-ზე" გრძელდება. ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, სადაც დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება.

მერიისა და "რუსთავი 2-ის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და გულშემატკივრების სპეციალური სივრცე მოეწყობა. 19 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებს სპორტული და საბავშვო აქტივობები, გათამაშებები და კვების სივრცეები დახვდებათ.

გარდა ამისა, დაგეგმილია ღია შეხვედრები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. ფეხბურთის ფანებისთვის განკუთვნილი სივრცე 17:00 საათისთვის გაიხსნება, მომდევნო დღეებში კი, მუშაობას თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიწყებს. ტერიტორიაზე უკვე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.

"პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიქცევა დიდ "ფანზონად." უკვე დამონტაჟებულია გიგანტური ეკრანი, სადაც იქნება თამაშების ტრანსლირება. გარდა ტრანსლირებისა, იმ დღეებში, როდესაც არ იქნება საფეხბურთო მატჩები, გაიმართება სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობა. ტრანსლირების დღეს აქტივობები დაიწყება თამაშამდე 4 საათით ადრე, ხოლო იმ დღეებში, როდესაც არ არის თამაში, ყველა აქტივობა დაიწყება 17:00 საათიდან 23:00 საათამდე.

რაც შეეხება კონკრეტულ სივრცეებს, არის კვებისა და სასმელი სივრცეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებების დროს. ასევე, განთავსებულია სცენა, სადაც ყოველდღიურად ქართული ელექტრონული მუსიკის არტისტები ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, რათა გულშემატკივარს განწყობა აუმაღლონ. არის პატარებისთვის აქტივობები, რომელიც მრავლად გვაქვს მომზადებული, რა თქმა უნდა, ყველაფერი სრულიად უფასოდ. ასე, რომ ველოდებით ყველას," - აღნიშნა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინუცა ბუცხრიკიძემ.

დღის ამბები