პარაგვაელი სენატორის მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.
პარიზის პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის მუხლით.
საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი, უშუალოდ გამოძიება კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისს (OCLCH) დაევალა.
საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, სენატორ სელესტე ამარილიას 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს.
მან, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა პარაგვაი ანგარიშით 1-0 დაამარცხა, მბაპეს "კოლონიზებული კამერუნელი" უწოდა, რომელიც "თავს ფრანგად აჩვენებს, არის ბოღმიანი, ახალი გამდიდრებული, ამპარტავანი და უშნო". პარაგვაელმა სენატორმა ფეხბურთელს "იდიოტიც" უწოდა.