"ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება" - აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ეს მოსაზრება კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა და აღნიშნა რომ ნატო-ს ძალიან კარგად იცნობს. მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის. "12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით", - განაცხადა გენერალმა.
საკითხს ეხმაურებიან საქართველოში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ვალერი ზალუჟნის შეფასება ადასტურებს, რომ უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით არარეალური მოლოდინები ჰქონდა შექმნილი. მისივე თქმით, უკრაინის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის პროქსი ომია, რომელშიც, მისი შეფასებით, უკრაინა სატელიტ სახელმწიფოდ იქნა გამოყენებული.
“როგორც ჩანს, დაიწყო უკრაინის ხელმძღვანელობამ სიმართლის საუბარი თავის ხალხთან მიმართებაში და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინას ატყუებდნენ და უკრაინელ ხალხს, რომ დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ნატოში, დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ევროკავშირში, გადასცემდნენ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების რუსულ გაყინულ აქტივებს და ვხედავთ, რომ მეხუთე წელი არის დაწყებული და არც ერთი პირობა შესრულებული არ არის და შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე ეს განცხადება გააკეთა იმ ადამიანმა, რომელიც სამხედრო მეთაური გახლდათ 2022 წლიდან მოყოლებული, დღეს ბრიტანეთში არის ელჩი, უმაღლესი თანამდებობის პირი და პირდაპირ ხალხს ამცნო ის მწარე რეალობა, რა რეალობის წინაშეც უკრაინა დგას და ის, თუ რაზეც საუბრობს, ვინაიდან დღეს უკვე მოურიდებლად. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციაც, ჩვენ ვსაუბრობდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით გასული 5 წლის განმავლობაში, რომ სამწუხაროდ ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, პროქსი ომი და სატელიტ სახელმწიფოდ იქნა გამოყენებული უკრაინა. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ეს არის რეალობა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.