08 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
ასეთი სისულელის თქმა როგორ შეიძლება, რომ ქართველები ხვრეტდნენ ტყვეებს. ეს არის საქართველოს მეომრების შეურაცხყოფა - ანზორ მარგიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე

აფხაზეთის ომის ვეტერანები თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებს ქართველი მეომრების უმძიმეს შეურაცხყოფად აფასებენ. პარალელურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გია ბარამიძის მიმართ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება დაიწყო.

აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის, ანზორ მარგიანის თქმით, ყოფილი ძალოვანი მინისტრისგან მსგავსი განცხადების მოსმენა სრულიად გაუგებარი და აღმაშფოთებელია.

"მოვუსმინეთ და ყველანი აღელვებული ვართ. ასეთი შეურაცხყოფა ქართველმა კაცმა ქართველ მეომრებს მიაყენოს, არ მესმის. თანაც, თვითონ იყო თავდაცვის მინისტრი. ასეთი სისულელის თქმა როგორ შეიძლება, რომ ქართველები ხვრეტდნენ ტყვეებს. ეს არის საქართველოს მეომრების შეურაცხყოფა, რაც მან თქვა," - აღნიშნავს ანზორ მარგიანი.

შეგახსენებთ, რომ გია ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვაში უკვე ხალხი დაადანაშაულა. ვეტერანები ბარამიძის სიტყვებს ცრუსა და პროვოკაციულს უწოდებენ და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათმა უწყებამ მიმართა პროკურატურას, რომელმაც საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით უკვე დაიწყო.

დღის ამბები