"7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებითა და სასიხარულო სიახლეებით ხვდება," - აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
გარდა იმისა, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში იქნება მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მეორე მედიკამენტზეც ისაუბრა, რომლის შესყიდვის პროცესიც აქტიურ ფაზაშია.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად პარალელურად დაიწყო.
ამ შემთხვევაშიც მინდა, საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო, რომ დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე, ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოიცა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა.
ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.
ამ შემთხვევაში შეამჩნევდით, რომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები," - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, მშობლების მონაწილეობამ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
"მთელ ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ მშობლები. უნდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის. ამ ჩართულობამ ძალიან დადებითად იმოქმედა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროცესების წარმატებით წარმართვაში.
გუშინ შეხვედრისას ერთ-ერთი მშობელი იხსენებდა ერთ-ერთ მწარმოებელთან რამდენი თვის წინ გამართულ შეხვედრას, ან შეიძლება შარშან გამართულ შეხვედრას, სადაც კომპანიის ხელმძღვანელმა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს მიერ მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით.
მიხარია, რომ საქართველომ ესეც შეძლო და ის ერთ-ერთი მოწინავეა იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის, სულ რამდენიმე სახელმწიფოს შორის მსოფლიოს მასშტაბით, ვინც მოახერხა და ასეთი პროგრესი აჩვენა დიუშენის წინააღმდეგ ბრძოლაში," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.