19 ოქტომბერი 2026,   22:54
ვრცლად
საფრანგეთში ვითარება უკონტროლოა - მაკრონი გარკვეული ძალების მხრიდან დამხობის მცდელობაზე ალაპარაკდა და შეკრებების აკრძალვა დააანონსა

"ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ძალადობას ჩადის, ვიქნებით შეურიგებელნი" - საფრანგეთის პრეზიდენტი ამ სიტყვებით ძალადობრივი აქციების მონაწილე დემონსტრანტებს მიმართავს. პარიზი უკვე ერთ კვირაზე მეტია, პირდაპირი მნიშვნელობით, იწვის. მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, უკვე ისტორიულ შენობებსაც ანადგურებენ. პროპორციული არც სპეცდანიშნულების რაზმის მიერ გამოყენებული ძალაა, რის შედეგადაც არაერთი არასრულწლოვანი დასახიჩრდა. ახლა, როცა საფრანგეთში ვითარება უკონტროლოა, ემანუელ მაკრონი გარკვეული ძალების მხრიდან დამხობის მცდელობაზე ალაპარაკდა და შეკრებების აკრძალვაც დააანონსა.

მაკრონის განცხადება საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციას მოჰყვა. საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი უკონტროლო მიგრაციას უკავშირებს. დონალდ ტრამპი ოფიციალურ პარიზს მოუწოდებს, საზღვრები ჩაკეტოს, ვიდრე ქვეყანა სრულ კატასტროფამდე მივა.

თავად მაკრონი, რომელიც დღეს მთავრობის დამხობის მცდელობაზე ლაპარაკობს, ძალადობად არ აღიქვამდა საქართველოში 2024-2025 წლებში განვითარებულ მოვლენებს. საფრანგეთის პრეზიდენტი მაშინ ნახევრად გადამწვარ რუსთაველის გამზირს მშვიდობიან პროტესტსა და ახალგაზრდების ხმას უკავშირებდა. თბილისი ახლა კითხვას სვამს - რეალურად ევროპამ ის ხომ არ მოიმკო, რის დათესვასაც საქართველოში ცდილობდა? ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ წერილში ყურადღებას ორმაგ სტანდარტსა და იმ ულტრალიბერალურ პოლიტიკაზე ამახვილებს, რომელმაც ევროპული დედაქალაქები საბოლოოდ უკონტროლო პროტესტის მოედანი გახადა.

რა არის ევროპელი მოქალაქის დაკვეთა? ეს კარგად გამოჩნდა ალბანეთში. ტირანასა და კიდევ 7 ქალაქში, უკვე რამდენიმე დღეა, მოქალაქეები კორუფციას, ცხოვრების დაბალ დონეს და საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებულ კრიზისს აპროტესტებენ. ბოლო ცნობებით, დაშავებულია 270-ზე მეტი ადამიანი, დაკავებულია ასეულობით მოქალაქე. სპეცდანიშნულების რაზმთან მუდმივი დაპირისპირების ფონზე, აქციამ ძალადობრივი სახე მიიღო. თბილისის მსგავსად, დემონსტრანტები იყენებენ პიროტექნიკას, სხვადასხვა საგანს, აჩენენ ხანძარს. დღეს ამ ყველაფერს ევროკომისია გმობს და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები შორსაა მშვიდობიანი პროტესტისაგან.

რატომ დუმდა ევროკავშირი საქართველოში ძალადობრივ აქციებზე? რატომ არ გმობდა არშემდგარ რევოლუციებს, პარლამენტის გადაწვის მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმსა და ქუჩაში აფეთქებულ მოლოტოვის კოქტეილებს? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაშინ ბრიუსელის დუმილი ერთი მიზეზით იყო გამოწვეული: ძალადობრივი მოვლენების მიღმა სწორედ ევროკავშირი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქტორები იდგნენ.

ხელისუფლების ოპონენტებს ბრიუსელის კრიტიკა არც ამჯერად უნდათ და ამტკიცებენ, რომ ევროპის ქალაქებში არსებული ვითარება თბილისში განვითარებული მოვლენებისგან განსხვავებულია.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, საქართველოში ძალადობას ევრობიუროკრატები ახალისებდნენ, დღეს კი მათი მხრიდან ანალოგიური ძალადობრივი მოვლენების დაგმობა მხოლოდ და მხოლოდ ორმაგ სტანდარტს აჩვენებს.

საპროტესტო აქციები ევროპაში, რომლებმაც ძალადობრივი ფორმა მიიღო, უმეტეს შემთხვევაში, ეროვნული ხელისუფლებების წინააღმდეგაა მიმართული. სხვადასხვა ცნობებით, განვითარებულმა მოვლენებმა გაზარდა კონსერვატიული ძალების რეიტინგი, რომლებიც სხვა ქვეყნის ომის დაფინანსებას ეწინააღმდეგებიან და უკონტროლო მიგრაციის შეჩერებას ითხოვენ.

დღის ამბები