10 სექტემბერი 2026,   19:16
ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

დაგეგმილი პროექტები ხრამ-არხისა და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემების, ასევე, ლომთაგორას მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენა-რეაბილიტაციას და ლეჟბადინის მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას მოიცავს. სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფა 4 825 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ამასთან, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა 2 კაპიტალური პროექტი - ქეშალოს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 708 513 ლარი შეადგინა, და ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 3 735 868 ლარია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმირასანის სათავე ნაგებობის, ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის და მდინარე დებედაზე გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, იბერიისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე მიმდინარეობს წყალმიმღები კვანძებისა და მიმმართველი არხების აღდგენისა და ჯებირების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 8,8 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

საექსპლუატაციო სამუშაოების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა და მოწესრიგდა 73 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 48 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რეგიონში უკვე დასრულებულია 3 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6, ხოლო დაგეგმილია კიდევ 7 პროექტის განხორციელება. ჯამში, 2026 წელს რეგიონში 51 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად, წყალუზრუნველყოფა 15 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს რეგიონში გაიწმინდა და მოწესრიგდა 305 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 9 კმ სიგრძის მილსადენი, შეკეთდა 7 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 401 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

დღის ამბები