უკვე მთელმა საქართველომ გაიგო, რომ "რუსთავი 2" ქართულ სერიალს იღებს. აფიშებმა მთა და ბარი უკვე მოიარეს, ვისთან არ იყვნენ ქალაქებსა თუ სოფლებში, ქუჩებში, სახლებში, ეზოებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. მოიარეს ჩვენი ჟურნალისტების ხელითაც. შავი ზღვისპირეთი, გურია, სამეგრელო...
ქართულ მძაფრსიუჟეტიან სერიალს რომ იღებენ, გაიგეს ქუთაისშიც. მოვლენებს არც გორი და რუსთავი ჩამორჩა.
ტელეეკრანებთან ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს რომ უნდა დაელოდონ ნაცნობი მსახიობების უცხო შემოქმედებას, ინტერესი და მოლოდინი შესაბამისია.
ამ ამბავმა კახეთამდეც ჩააღწია, იმ ადგილამდე, რომლის წიაღშიც სერიალის იდეის ავტორი და რეჟისორი პაატა გულიაშვილი დაიბადა.
კახეთში განვითარებული ცნობილი მიხოსა და მაროს სასიყვარულო დრამის იდეის ავტორი ახალ სერიალზე მუშაობს. ამჯერად ჟანრიც შეცვლილია, მსახიობებიც და როლებიც. იუმორიც დრამაში გადაიზარდა. აქ ყველაფერია კომედიის გარდა. ოთხი მეგობრის ამბავი, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და დღემდე მოდიან.
ქართული 90-იანი წლების ფონზე შექმნილი მძაფრსიუჟეტიანი სერიალის იდეა - კრიმინალი, ქუჩური დაპირისპირება, ომი, მეგობრობა და ღალატი.
თბილისი, 1990-იანი წლები. ქვეყანა მძიმე პერიოდს გადის. ქუჩებში სიბნელეა, ელექტროენერგია ხშირად არ არის, ქალაქში ავტომატების ხმა ისმის, ადამიანები კი ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან.
სერიალი მოგვითხრობს იმ თაობის ისტორიას, რომელმაც 90-იანი წლების ქაოსში ახალგაზრდობა დაკარგა, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია.
90-იან წლებში კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, მაგრამ თავისებური პრინციპების მქონე გუგა გამრეკელის და ახალგაზრდა, ლამაზი მარიამის სიყვარულის ისტორია, რომელიც მხოლოდ ორი ადამიანის ბედს არ ცვლის. ტრაგიკული სიყვარულის ამბავი ჩვენს დროშიც გრძელდება.
სანამ პაატა გულიაშვილი სერიალის მთავარ როლს შეასრულებს, ასპარეზი შვილს დაუთმო. არ მალავს, რომ შედეგით თავადაც კმაყოფილია. ორი თაობის ცხოვრებისეული დრამა და უბნის ქვაფენილიდან მოსული ნაცნობი ისტორიები. მამისგან განსხვავებით, პაატა გულიაშვილის შვილს მსახიობობა არასოდეს უნდოდა, თუმცა სცენარმა იმდენად დააინტერესა, როლიდან ვეღარ გამოდის.
მძიმე 90-იანი წლების ისტორია ჩვენს დროშიც გრძელდება, იგივე პერსონაჟებით და განსხვავებული ურთიერთობებით. წარსულის შეცდომები არასოდეს რჩება უკვალოდ. სერიალში სრულიად უმნიშვნელო ადამიანის ერთი ფრაზა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მშობლების მიერ გაკეთებული არჩევანი კი შვილს ცხოვრებას სამუდამოდ დაუნგრევს.
ფილმის მთავარი გმირი მარიამია, რომელსაც ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება აქვს. ჰყავს წარმატებული ბიზნესმენი ქმარი - ლევანი და ორი შვილი - ლუკა და ნუცა. თუმცა იდილია ერთ წამში იმსხვრევა, როდესაც მარიამის ტელეფონზე მოულოდნელი ზარი ისმის: "გამარჯობა, მარიამ, გუგა ვარ".
სცენარიცა და იქ მოთხრობილი ამბებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იცვლება. რა მოხდება, როდესაც გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ყველას დიდი ხნის მკვდარი ჰგონია?
ერთ-ერთი ეპიზოდი ორთაჭალის ციხეში გადაიღეს, სადაც ეპიზოდურ როლში ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი გია ბურჯანაძე მონაწილეობს.
სერიალში კარგად ნაცნობ მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ პროფესიონალი ახალგაზრდა მსახიობებიც. თაობა, რომელმაც 90-იანების მძიმე პერიოდის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის.
აქ იუმორისთვის ამ ადამიანებს ნაკლებად სცალიათ. ნიკა არაბიძესაც ახალ როლში იხილავთ.
სერიალში არაფერია ძველი და უცხო, ყველაფერი თითქოს ჩვენს გვერდით, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყველა პერსონაჟი ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. 90-იანი წლების გაჭირვება, რომელიც თითქმის ყველა ქართული ოჯახის ყოველდღიურობა იყო. სერიალი თითქოს ჩვენს ოჯახში შემოდის, გვაჩვენებს იმას, რაც 90-იან წლებში ხდებოდა.
"ჩვენი უბნის ქვაფენილი" - აწმყოში გაგრძელებული წარსული და ჩვენი დროის ადამიანების ცხოვრება. ქართული სერიალი ქართველი მაყურებლის თვალით 16 სექტემბრიდან შეფასდება. მძაფრსიუჟეტიან დრამას "რუსთავი 2"-ის ეთერში ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 11 საათზე უნდა დაელოდოთ.