ქართული სტარტაპებისთვის განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად ახალი შესაძლებლობები ისტორიულმა გადაწყვეტილებამ შექმნა. საქართველო 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. ქართული ინოვაციური პროექტები საერთაშორისო ასპარეზზე წარდგებიან, რაც სტარტაპებს ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას მისცემს.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს პირველად ჩაატარებს. ღონისძიების დებიუტი იმერეთში შედგება. კონფერენციების ძირითად სივრცედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი განისაზღვრა. ცენტრის სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს სივრცეებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი უკვე გაეცნო.
საქართველოში ფორუმის ჩატარება ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირების გაძლიერებას. რეგიონში უნიკალურ სასწავლო-შემეცნებით და ტექნოლოგიურ ცენტრს გახსნიდან ორ თვეში უკვე 20 000 მეტი ვიზიტორი ეწვია. მზარდი ინტერესის ფონზე ჰაბი მნიშვნელოვან ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით დაგეგმილი ფორუმი ქართული სატრაპებისთვის განვითარების, გლობალური კავშირების დამყარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. მაღალი დონის შეხვედრები უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. ხაზი გაესვა ერთობლივი პროექტების გაგრძელებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
ავტორი: ირაკლი კოშაძე