სამხედრო საქმით დაინტერესებული მოზარდებისთვის ახალი სასწავლო წელი გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალ სამხედრო სკოლაში დაიწყო. კადეტები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად სპეციალურ სამხედრო კურსებს გაივლიან. შეისწავლიან ტაქტიკურ, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას. გაეცნობიან დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს.
ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები - სამხედრო სკოლის სასწავლო და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. აუდიტორიები სმარტ-დაფებითაა აღჭურვილი. მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია ღია და დახურული სპორტული მოედნები. სწავლების პროცესში კი კვალიფიციური აკადემიური პერსონალია ჩართული.
კადეტთა სწავლას თავდაცვის სამინისტრო სრულად აფინანსებს. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, სამჯერადი კვებით, დაზღვევით, სასწავლო ნივთებით და სამხედრო ფორმებით. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა 330 მოსწავლეზეა გათვლილი.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო ქუთაისში მდებარე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაშიც. ლიცეუმს უკვე ჰყავს 15 გამოშვება და 1200 კურსდამთავრებული. 2026 წელს კადეტთა ლიცეუმის ორივე სკოლაში 321 მოსწავლე ჩაირიცხა.
ქუთაისსა და თბილისში მოქმედი სამხედრო სკოლების დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს დაწყებითი სამხედრო მომზადების გავლის სერტიფიკატი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემათ. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა შორის, ჯამში, 78 ოქროს და 53 ვერცხლის მედალოსანია.