"ასეთი კვლევები, ზოგადად, არ იმალება. რთულად წარმოსადგენია, რომ 3-4 პარტიას გაუგზავნო რაღაც კვლევა და მერე ეს კვლევა არ გახდეს საჯარო," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც IRI-ის სკანდალურ კვლევას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პარტიები, რომლებიც ბოიკოტობანას თამაშობდნენ ან გაქრნენ რეიტინგიდან, ან ახლოს არიან გაქრობასთან.
"ფაქტია, რომ ყველამ ასე თუ ისე იცის, რა წერია ამ კვლევაში. მთავარი, ერთადერთი, რაც ამ კვლევიდან ირკვევა, ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტობანას თამაშობდნენ, ან გაქრნენ საერთოდ რეიტინგიდან, ან ახლოს არიან გაქრობასთან, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ პროგნოზირებადიც იყო, თავის ამომრჩეველს წლები ეუბნებოდნენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებზე არ გამოხვიდეთ, თუ მოხვალთ და მანდატს მოგვცემთ, მაინც მანდატს გადავაგდებთ.
გამოჩნდა, რომ ის 4-5-9-15, რომელსაც გაჰყვიროდნენ 2 წლის წინ, აი ამ პარტიების ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.