ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - სესია დღეს ტრადიციულად პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა. დარბაზში იყო კამათი და ისმოდა ურთიერთბრალდებები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში.
მმართველმა გუნდმა უპასუხა ოპონენტების განცხადებებს პარტიების აკრძალვის შესახებ, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელთან, განათლების რეფორმასთან და სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს. მისი თქმით, ქვეყანაში 20 ახალი სტანდარტის სკოლა უკვე გაიხსნა, დაახლოებით 40 სკოლის რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს. მარიამ ლაშხის თქმით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ასევე იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და 2027 წლიდან ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-ით მოიმატებს.
"სასკოლო ინფრასტრუქტურა პოლიტიკური სპეკულაციის ადგილი არ არის. ქალბატონო ტატა, ხშირად გვიწევს ხოლმე შეხსენება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მანდატის, იმ რეგლამენტის, რომელიც გაძლევთ, როგორც ოპოზიციის დეპუტატს, ძალიან ბევრის საშუალებას იმისათვის, რომ აკეთოთ რეალური საქმე და თქვენ, როგორც ჩანს, აირჩიეთ ჟურნალისტობა. დღეს დადიხართ მიკროფონით სკოლიდან სკოლაში და იმის მაგივრად, რომ რეალურად პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოთ, სამწუხაროდ, ამას აკეთებთ მხოლოდ კადრისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესისათვის.
ფაქტი ასეთია: 20 სრულიად ახალი სტანდარტის სკოლა გაიხსნა და 40-მდე სკოლის რეაბილიტაცია პროცესში არის და ესეც მალე გაიხსნება. არა მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურით, არამედ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე, როგორც სახელმძღვანელოების მიმართულებით, ასევე მასწავლებლების, მათ შორის ბაღის მასწავლებლების, ხელფასების დაფასებით ვახორციელებთ და მინდა სასიხარულო ამბავი გაცნობოთ, რომ 2027 წლიდან ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-ით გაიზრდება და საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება. იცოდეთ, რომ მსგავსი ტიპის მუშაობა არ არის მოსწავლეზე ზრუნვა, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ფუჭი ხმაური", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.