10 ოქტომბერი 2026,   00:54
ვრცლად
დახვრეტა პირდაპირ ეთერში - აშშ-ის არმიის ყოფილ მაიორს 2009 წლის მასობრივი სროლისთვის 3 დეკემბერს სიკვდილით დასჯიან

თარიღი, დრო და ადგილი უკვე ცნობილია. განაჩენის აღსრულება 2026 წლის 3 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, ტეხასის შტატში მდებარე ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე დაიწყება - ზუსტად იმ დროს და ადგილას, სადაც აშშ-ის არმიის ყოფილმა მაიორმა, ნიდალ მალიკ ჰასანმა 2009 წელს მასობრივი სროლა მოაწყო. პროცედურა სამხედრო მართლმსაჯულების ერთიანი კოდექსით რეგულირდება. სამხედრო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უპრეცედენტო ინიციატივა - პირდაპირი ტრანსლაციის იდეა - თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს ეკუთვნის. გადაწყვეტილებას მხარს უჭერს დონალდ ტრამპიც. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რომელი პლატფორმა დათანხმდება, სიკვდილით დასჯის პროცესი ამერიკის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს პირდაპირ ეთერში აჩვენოს.

პროტოკოლის მიხედვით, დახვრეტის ჯგუფი 8 შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურისგან - რიგითებისგან და სერჟანტებისგან კომპლექტდება, მათ უფროსი ოფიცერი ან უფროსი სერჟანტი ხელმძღვანელობს. მონაწილეებისთვის ფსიქოლოგიური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, რამდენიმე იარაღი შემთხვევითი პრინციპით ფუჭი ვაზნებით იტვირთება. შესაბამისად, არცერთ მსროლელს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია,რომელი ვაზნა დევს მის იარაღში. . პროცედურისას სამხედრო ექიმი მსჯავრდებულის გულმკერდზე სპეციალურ სამიზნეს ათავსებს. მსჯავრდებულს აცმევენ სამხედრო ფორმას განმასხვავებელი ნიშნებისა და ჯილდოების გარეშე, აბამენ სპეციალურ სავარძელზე და თავზე თავსაბურავს ჩამოაცვამენ. მსროლელთა ჯგუფი 15 ნაბიჯის დისტანციაზე დგება და ბრძანების გაცემისთანავე ერთდროულ გასროლას ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ცოცხალი რჩება, ჯგუფის ხელმძღვანელს ევალება საკონტროლო გასროლა პისტოლეტით განახორციელოს.

56 წლის ნიდალ მალიკ ჰასანი აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორი და სამხედრო ფსიქიატრია. 2009 წლის 5 ნოემბერს, ტეხასის შტატში მდებარე ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზის სამედიცინო ცენტრში, მან ცეცხლი გაუხსნა შეუიარაღებელ თანამშრომლებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში გაგზავნამდე სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი -12 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 32 კი მძიმედ დაშავდა. აღსანიშნავია, რომ აღსრულების შემთხვევაში ეს 1945 წლის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის გამოყენების პირველი შემთხვევა გახდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები