"ეს პოლიტიკური სუბიექტები არიან გაერთიანებები, რომლებიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კახიანი აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილება, რომ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ, სისუსტის გამოვლინებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ საკუთარი თავის იმედი არ აქვთ.
"როდესაც პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობ, ბუნებრივია, ეს არის სისუსტის გამოხატულება, ანუ გამოხატულება იმისა, რომ შენ შენი პოზიციების არ გჯერა, ფიქრობ,რომ სარჩელის მოთხოვნები არის სწორი და ცდილობ, აარიდო სასამართლო პროცესს თავი, რადგან სასამართლო პროცესზე ბევრი რამის ლუსტრირება მოხდება.
ჩვენს პოზიციებს დავასაბუთებთ სასამართლო პროცესზე და სასამართლო მიიღებს კონსტიტუციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანებები არიან გაერთიანებები, რომლებიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ.
თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ვფიქრობ, ოპოზიციური ველი შეივსება, ისეთი პოლიტიკური ძალებით, რომლებიც დაინახავენ, რომ საზოგადოებაში შეიძლება მათ მხარდაჭერა ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ეს არის ის ძალა, ის სრულიად დესტრუქციული, აი, პოლიტიკურად მარგინალიზებული ძალა, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერაც არ აქვს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.
88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.
უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.