15 ოქტომბერი 2026,   22:50
ვრცლად
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა, 15-20 წელი დასჭირდეს - პეტერ მადიარი

ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს შეიძლება 15-20 წელი დასჭირდეს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

"მე არ ვფიქრობ, რომ ვადების დადგენა შესაძლებელია და ამის აუცილებლობა არც არის. ჩვენ ვემხრობით, რომ გაწევრიანება დაეფუძნოს კონკრეტულ მიღწევებს", - განაცხადა მადიარმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო ვადების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას 15 წელია ცდილობს, თუმცა წევრობისკენ მიმავალ გზაზე იმაზე ნაკლებ პროგრესს მიაღწიეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მან მაგალითად ასევე მოიყვანა თურქეთი და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირის წევრობას ათწლეულებია ცდილობს.

მედიის ცნობით, მადიარმა ასევე გააპროტესტა წევრობის შუალედური ან პარალელური ფორმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობას უჭერს მხარს.

"ამას შეიძლება 15-20 წელი დასჭირდეს", - აღნიშნა მადიარმა.

მან განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება თავისთავად არ იძლევა წევრობის გარანტიას.

მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ტრანსკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებების დაცვა.

მისი თქმით, უნგრეთმა მოითხოვა გარანტიები უმცირესობის უფლებების დასაცავად განათლების, ენის გამოყენებისა და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სფეროებში. მადიარის განცხადებით, უნგრულმა მხარემ უკრაინისგან ამ საკითხებზე შესაბამისი გარანტიები უკვე მიიღო, თუმცა ამ ვალდებულებების პრაქტიკული შესრულება ჯერ კიდევ გადასამოწმებელი იქნება.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრას 16 ოქტომბერს ბრიუსელში ელის, სადაც ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაგრძელდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.

დღის ამბები