"სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი სარჩელი, რომელიც ფაქტებით და მტკიცებულებებით არის, გამყარებული და შესაბამისად, ბურთი იქნება თავიდან ბოლომდე უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.
ეს პროცესი იქნება საჯარო. ჩვენ მოქალაქეებს ძალიან მაღალი ინტერესი აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ისინი თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რა არგუმენტებზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი სარჩელი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე სამი დღე რჩება. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე 21 ოქტომბრიდან - 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.
მტკიცებულებათა ნუსხით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას მოპასუხე, ისევ გაურკვეველია.
ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება შემადგენლობაზეც. გზები გაყოფილია - "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და გვარამიას "ახალი" დარბაზში იქნებიან, ჩერგოლეიშვილის "ფედერალისტები" დარბაზთან ახლოს, თუმცა ქუჩაში, გიორგი გახარიას პარტია კი ისევ ფიქრობს.
კონკრეტულ მტკიცებულებებს, ფაქტებსა და საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნას წარუდგენს მოსამართლეთა კოლეგიას უმრავლესობა და მოითხოვს, შეფასდეს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს 5 პოლიტიკური ძალის ქმედებები ბოლო წლების განმავლობაში.
რევოლუციის არაერთი მცდელობა, დესტრუქცია, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული თავდასხმა - ამ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმტკიცებს, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს.