20 ოქტომბერი 2026,   01:14
ვრცლად
ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ქართველი დიპლომატების როლსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე რესურსია, რომლის ჩამოყალიბებასაც წლები და პროფესიული განვითარება სჭირდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ინტერესია ევროკავშირთან დაახლოება და ღირებულებების გაზიარება.

"ნებისმიერ ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არის დიპლომატიური კორპუსი, საკუთარი დიპლომატიური კორპუსი, რადგან მას სჭირდება გაზრდა, სჭირდება აღზრდა, სჭირდება წლები, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სატრაბახო და საუკეთესო დიპლომატიური კორპუსი, რომელიც მუშაობს უცხოეთში. ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მთავრობის დამსახურება, ეს არის ის გონივრული კონცეფცია და მიდგომა, რაც გააჩნია საქართველოს მთავრობას, მაგრამ ამის განმახორციელებელი არის ზუსტად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები, რომლებიც არიან ან საქართველოში, ან საზღვარგარეთ ჩვენს საელჩოებში.

დღეს, იცით, რომ ყველაფერი ძალიან ცვალებადია, საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება, ემოციები და გრძნობები არის გადასული უკანა პლანზე, ახლა მთავარია ქვეყნების ინტერესები, რომელიც გააჩნიათ და ამ თავიანთი ქვეყნების ინტერესებზე არის დამყარებული ის ურთიერთობები, რომლებიც მათ აქვთ სხვა ქვეყნებთან. ჩვენი ინტერესია, დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ჩვენთვის მთავარია, გავუზიაროთ ევროკავშირს ღირებულებები. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც გააჩნია ქართველ ერს, ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ევროპული ღირებულებები, რადგან საქართველო და ქართველები ნამდვილად ვართ იმ ევროპული ღირებულებების მატარებლები, რომელსაც ჰქვია ევროპული ღირებულება," - აცხადებს გიორგი ზურაბაშვილი.

დღის ამბები