"კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ ასპარეზზე", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული სარჩელის განხილვის შესახებ საუბრისას აცხადებს.
ზარქუას თქმით, დაუსაბუთებელი მოთხოვნებით ოპოზიციას პროცესის გაჭიანურება სურს.
"საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ ეს პარტიები, ნაცისტური პარტიები, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რაც არის, მთლიანად აიკრძალოს და ამით ქვეყანა დამშვიდდეს, საზოგადოება დამშვიდდეს და ზოგადად, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ, ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
თქვენ იცით, რომ მცდელობა არის, დროში გაიწელოს, ის აბსურდული რაღაც თხოვნები რომ აქვთ მოსამართლეების მიმართ, ჯერ აცილებებით დაიწყეს უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ. მაგრამ, ერთი კარგია, კიდევ ერთხელ, მორიგჯერ იყო ლუსტრაცია, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი, როგორც ბატონმა გვარამიამ ბრძანა, რომ თურმე გახარიები და ეს დანარჩენები, "ლელო" და მთელი ეს საზოგადოება ერთი ჯგუფი არიან, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ დიახ, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ ასპარეზზე", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხვალ კი მოსამართლეთა პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის რიგით მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომლობაზე, რომელიც მოწმეთა დაკითხვას და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხება.
მათ შორის, 4 ოქტომბრის ძალადობრივ შტურმზე, 20 ივნისის მოვლენებსა და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსების შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს მოსარჩელე მხარე.