საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაღალმთიან აჭარაში, სხალთის ეპარქიაში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში საყოველთაო ნათლობა აღავლინა და 1300-ზე მეტ ადამიანი მონათლა.
ღონისძიებაზე დღეს ასევე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტრის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
შალვა პაპუაშვილმა აჭარაში გამართულ ნათლობის ცერემონიაზე შეკრებილებსა და ახალმონათლულებს სიტყვით მიმართა და გაქრისტიანება მიულოცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს, რადგან საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღნიშნავს.
"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მივესალმები ახალმონათლულებს, მათ, ვინც დღეს გახდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები.
განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებული არის იმითაც, რომ თქვენი ოჯახების სიხარული დღეს სრულიად საქართველოს სიხარულად არის გადაქცეული. მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა. მე მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ, ვინც დღეს გახდით ეკლესიის წევრები და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი არის თქვენი ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი.
სიმბოლური არის, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. თუმცა, საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის, 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო, ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან, რომელიც აქ შესრულდა. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან წელს და წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელს, კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე.
მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს. თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ ასევე კუთვნილება. თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. ამიტომ, მინდა ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელი დღე. გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება, ღვთის სიყვარული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.