თბილისის ფინანსურ სამიტი გრძელდება. ორდღიანი ღონისძიება ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.
რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტის" მთავარი თემაა "რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრა საქართველოში იმართება, რადგან ქვეყანას სხვებისთვის გასაზიარებელი ეკონომიკური წარმატება აქვს.
"ნიშანდობლივია, რომ ეს შეხვედრა ხდება საქართველოში, იმიტომ, რომ მართლაც ბევრი რამ გვაქვს ჩვენ სხვისთვის გასაზიარებელი. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს. თითქმის ორნიშნა ზრდაა, რაც ნამდვილად შესაშური მიღწევაა ბევრი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენზე მეტად განვითარებული ქვეყანა, რეცესიაში იმყოფება დღესდღეობით, ხოლო საქართველო ამ თვალსაზრისით, მართლაც შესაშურ მაღალ ზრდას აჩვენებს.
ეს ჩვენ ინვესტორებისთვის მიმზიდველს გვხდის. აქ ძალიან ბევრი საერთაშორისო ინვესტორი და ფონდი იყო შეკრებილი, რომელიც არა მხოლოდ ზოგადი პრობლემებით სასაუბროდ არის ჩამოსული, არამედ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების ან შესატყობად, თუ სად შეუძლიათ ინვესტირება, ან უკვე არსებული ინვესტიციების გასაფართოებლად," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.