საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დააფასოვა.
"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მესამე ბრალდებულმა, თელავში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი".
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა, ხოლო მესამე ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.