საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პენიტენციური სისტემის გარდაქმნა დაიწყო, სტრასბურგის სასამართლოში, მსჯავრდებულის ან ბრალდებულის უფლებების დარღვევის კუთხით არცერთი სარჩელი არ შესულა.
როგორც მინისტრმა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში, ამ მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
"2012 წლის მერე, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო გარდაქმნა და პენიტენციური სისტემის თვისებრივი შეცვლა, არცერთი საქმე, პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის, ან ბრალდებულის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, არ არის სტრასბურგის სასამართლოში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და დასტური იმისა, რომ რეალურად, მართლა რადიკალურად შეიცვალა ამ მიმართულებით მდგომარეობა საქართველოში", - განაცხადა პაატა სალიამ.