საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა გასული წლების განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ პარტნიორობას და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
"ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით და სწორედ ეს ურთიერთპატივისცემა იყო და რჩება ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძვლად. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი. ამ კონტექსტში მსურს, გამოვყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.
დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება.
ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.
ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ჩვენი რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ პროექტის განხორციელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.
საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება.
ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს. მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა და სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ.
გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე არის გადასული. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ თვალსაზრისით, აპრილში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ვიზიტი, ასევე მაისში თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. აღნიშნული ვიზიტები და გაფორმებული შეთანხმებები ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას.
საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი, რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.
კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება.
ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასაძლიერებლად. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს", - აღნიშნა ალი ასადოვმა.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.
ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, გაფორმდა შეთანხმებები - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“-„იფექ–იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ; ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.