საქართველოსა და აზრებაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს. მანამდე ბოდბეში ირაკლი კობახიძე ალი ასადოვს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს ყურადღება დაეთმო კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან გამართული შეხვედრებისას განხილულ პროექტებზე ისაუბრა.
ქვრივიშვილის თქმით, ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე.
"შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მე-11 მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკურ საკითხებზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომელსაც თანათავმჯდომარეობას უწევდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
განხილვისას ჩვენ შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და გაძლიერება.
განსაკუთრებული აქცენტი, ცხადია, გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის სექტორში. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში.
იცით, რომ საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ შუა დერეფნის კონტექსტში სატრანსპორტო ქსელის და რეგიონალური სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე.
ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე სატრანსპორტო სექტორში, მათ შორის, როგორიც არის საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება, მოდერნიზაციის დასრულება, ის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონალური სატრანსპორტო მნიშვნელობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
მათ შორის ჩვენ მთავარ ამოცანას, რომ 2029 წლამდე უნდა მოხდეს გაორმაგება სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობის საპორტო, ისევე როგორც სარკინიგზო მიმართულებით.
ცხადია ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და იმ გეგმის თაობაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს, რომ 2029 წელს პირველი გემი მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და რა თქმა უნდა საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც რა თქმა უნდა ხელს უწყობს არაერთი მიმართულებით საკითხების დადებითად გადაჭრას, რაც რა თქმა უნდა სარგებლის მომტანია ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.