მოზარდი სახლიდან გამთენიისას გადიოდა, ერისთავის და წერეთლის ქუჩების კვეთაზე იდგა და მოწყალებას ყოველდღიურად ითხოვდა. 11 წლის გოგონა ქუჩაში მანამდე რჩებოდა, ვიდრე 100-დან 130 ლარამდე არ შეაგროვებდა. ბავშვს ფული დედისთვის და დედის მეგობარი ქალისთვის უნდა მიეტანა.
არასრულწლოვანს მუშაობა ხშირად შუაღამემდეც უწევდა. წვიმაში, თოვლში და სიცხეში. ბავშვმა იცოდა, რომ თუ დედას და დედის მეგობარს თანხას არ მიუტანდა, უფროსები მას დასჯიდნენ.
კადრები იმ ქუჩაზეა გადაღებული, სადაც მოზარდი ყოველდღიურად მიდიოდა და გამვლელებს მოწყალებას სთხოვდა. ფარულ მასალაში კარგად ჩანს, რომ დედა და დედის მეგობარი იქვე შორიახლოს იდგნენ და ბავშვს მუდმივად აკონტროლებდნენ. ამოწმებდნენ შეგროვებული ფულის რაოდენობას, თუ 100 ლარზე ნაკლები იყო, მსხვერპლს იქამდე ამუშავებდნენ, ვიდრე სასურველი თანხა არ შეგროვდებოდა.
ქუჩაში იძულებით მუშაობის გამო, 11 წლის გოგო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა.
მსხვერპლის დედა და დედის მეგობარი, პოლიციამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. ტრეფიკინგის საქმეზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ, ჩატარდა არაერთი ოპერატიული ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედება. მოპოვებულია მტკიცებულებები. დანაშაული მძიმე კატეგორიისა და 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულ ქალებს, ბრალდება წარედგინათ. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა, რომ ორივეს მიმართ მკაცრი აღკვეთი იყოს გამოყენებული.
"კურიერის" ინფორმაციით, 11 წლის მოზარდი ბებიამ სოფელში არაერთხელ წაიყვანა, იმ მიზნით რომ ბავშვი მძიმე პირობებს განერიდებინა, ყველა ჯერზე დედა შვილს უკან აბრუნებდა და 11 წლის შვილს კვლავ ქუჩაში უშვებდა.