04 ნოემბერი 2026,   05:07
ვრცლად
გიორგი გახარიას თანაგუნდელების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები 4 ოქტომბრის მოვლენებზე - რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში

გახარიასა და მისი პარტიის ტაქტიკა და სტილი 4 ოქტომბრის მოვლენებმა, რომ გაშიფრა, ამას მმართველ გუნდში ამბობენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დღეს სწორედ ის განცხადებები გაიხსენეს, რასაც პარტია საქართველოსთვის წევრები სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ჩავარდნამდე აკეთებდნენ. კერძოდ, ოპოზიციის ეს ჯგუფი, ვიდრე თბილისში ვერშემდგარ რევოლუციას ვიხილავდით, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა. 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ კი, მათ მიიღეს გადაწყვეტილება მანდატები გამოეყენებინათ. რაც "ოცნების" წევრების თქმით, უცხოეთში დაწერილი სცენარის ნაწილი იყო.

წარსულში გამოთქმულ პოზიციაზე, რომელსაც არქივი ინახავს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას თანაპარტიელ გიორგი შარაშიძეს ჰკითხეს. პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მის მიერ არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში გაკეთებული განცხადება პარლამენტში შესვლის რეალურ მიზეზთან დაკავშირებით უარყო.

გიორგი შარაშიძის სიტყვები ინახება ტელევიზიაშიც და სოციალურ ქსელშიც. პოლიტიკოსი პარლამენტში შესვლის რეალურ მიზეზად 4 ოქტომბრის ჩავარდნას ღიად ასახელებდა. არც იმას უარყოფდა, რომ თუ რევოლუციური გეგმები განხორციელდებოდა მაშინ სხვა სცენარით იმოქმედებდნენ.

რა უნდა გადაეწყვიტა 4 ოქტომბერს? ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ისაუბრეს. კანონმდებლების განცხადებით გახარიას პარტია წარმატებული რევოლუციის მოლოდინში იყო. ემზადებოდა, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კონკრეტული სარგებლის მიღებისთვის. თუმცა, რადგან კონსტიტუციური წყობილების დამხობის სცენარი ჩავარდა, მათ გარე დავალებების შესაბამისად იმოქმედეს.

საპარლამენტო ცხოვრებას შეუერთდნენ, თუმცა პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. ეს არგუმენტი გახარიას გუნდის წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელშიც წერია. პარლამენტის ლეგიტიმაციას , რომ არ აღიარებენ ამას არც პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაშვილი მალავს, რომელიც საარქივო მასალაში იმასაც აღიარებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად 4 ოქტომბერს ელოდებოდნენ.

პოლიტიკოსების მხრიდან ბევრჯერ და ყველგან ნათქვამის უარყოფას დღეს ოპოზიციის აგონიას უკავშირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებთან ერთად, რაც დოკუმენტირებული და აღრიცხულია, შალვა პაპუაშვილი იხსენებს იმ პერიოდსაც, როდესაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საეჭვო ვითარებაში, ამერიკის ელჩთან კომუნიკაციის შემდეგ დატოვა. ეს ყველაფერი, რომ რეალურად გარე აქტორების ხელწერაა, ამაზე საუბრობს პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანიც.

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმა ჩაიშალა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ მალავდნენ, რომ საკანონმდებლო საქმიანობის დაწყება რევოლუციის ჩავარდნას უკავშირდებოდა. დღეს კი ცდილობენ, მათივე ნათქვამი სიტყვები უარყონ. თუმცა, ამ გეგმის განხორციელებას ხელს ის არქივი უშლის, რომელიც არასდროს იწვის.

დღის ამბები