06 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში აღარ იმოქმედებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში აღარ იმოქმედებს. ამ პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მიღებას მხოლოდ იმ კონკრეტულ კლინიკებში შეძლებენ, რომლებთანაც სახელმწიფო ხელშეკრულებას გააფორმებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზები ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა სპეციალურად განსაზღვრული კრიტერიუმებით მოხდება, რომელზეც უწყება უკვე მუშაობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმე შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან უკვე შედგა.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა ნაწილი კი მთავრობის მიერ კლინიკების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რისკებს ხედავს. ისინი თვლიან, რომ მთავრობას ამ პროცესში ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან პრივილეგირებული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.

როდის დასრულდება სიის გადახედვის პროცესი და რამდენი ადამიანი დარჩება სახელმწიფო პროგრამის მიღმა ჯერ უცნობია. ისევე როგორც ამ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების სია. კლინიკების შერჩევის პროცესი იანვრის ბოლოს დაიწყება.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები