06 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
სოფელ ნასაკირალში სკოლასა და ერთ-ერთი ოჯახის მშობელს შორის დაპირისპირებას ბავშვების განათლება ეწირება

გურიის სოფელ ნასაკირალში მცხოვრები შავაძეების 4 ბავშვი სკოლაში პროტესტის ნიშნად არ დადის. მოზარდები მთავარ მიზეზად 2 მასწავლებელს ასახელებენ, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, მამის გამო გადაემტერნენ.

სკოლის წარმომადგენლებთან დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ამირან შავაძე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და მან ერთ-ერთი მასწავლებელი ძალადობაში ამხილა, ხოლო მოგვიანებით დირექტორის გადაყენების საკითხიც დააყენა, რადგან ის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ მასწავლებლებსაც ურიცხავდა ხელფასს. უკანასკნელი ინფორმაცია მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმაც დაადასტურა.

შედეგად დირექტორი გაათავისუფლეს და კონფლიქტი დიდ დაპირისპირებასა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მას შემდეგ შავაძეების ბავშვები სკოლაში ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან და ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობენ, თუმცა ამ ფაქტს სკოლის დირექტორი და სოციალური დაცვის სააგენტო უარყოფენ.

ბოლო წელიწადნახევარი გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის დიდი ნაწილი შავაძეების ოჯახს ეთმობა. ამ საკითხით ასევე დაინტერესებულია სახალხო დამცველის ოფისი. 

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი. 

დღის ამბები