06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
100 ლარად გაყიდული ისტორიული შენობა

საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრში სოფელ მეჯვრისხევში მე-19 საუკუნის ქართველ წარჩინებულთა სახლის ნიმუში მდებარეობს, რომელიც ოდითგანვე თავად-აზნაურებს, და-ძმა ჩიკოიძეებს ეკუთვნოდათ.

1930 წლიდან 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ეს შენობა სოფლის მოსახლეობისთვის სკოლის ფუნქციას ასრულებდა და არაერთი თაობა აღზარდა. 2016 წლის 22 ოქტომბრამდე სასწავლებელში 80 ბავშვი სწავლობდა.

22 ოქტომბერს გორის გამგეობისა და სკოლის დირექტორის ელენე ხუციშვილის ნებართვით აუქციონი გაიმართა, რომლის შედეგადაც შენობა ვინმე გენო იმერლიშვილმა 100 ლარად შეიძინა.

სკოლა ისტორიულ დატვირთვასთან ერთად, უნიკალურ თაღოვან მარანს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ნაგებობა ქართული აგურითა და რიყის ქვით არის ნაშენი, რომელიც დღეს ძალიან ფასობს და ამიტომ სოფლის მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ სკოლის დემონტაჟის იდეა სწორედ აქედან მოდის.

გორის მუნიციპალიტეტის თქმით დემონტაჟის ბრძანება განათლების სამინისტრომ გასცა და მათ მხოლოდ შუამავლის როლი ერგოთ, თუმცა აუქციონის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, შენობის დემონტაჟზე ნებართვა გორის მუნიციპალიტეტმა გასცა.

განათლების სამინისტრო და გამგეობა პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ, ამასობაში კი არც ახალი სკოლის პროექტი არსებობს და ძველიც დანგრეულია. 

ავტორი:ანანო ბაკურაძე.

დღის ამბები