სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვას ითხოვენ.
ხმაურიანი კანონის გადახედვას და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნას 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.
ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო სექტორი კანონპროექტზე უკვე მუშაობს.
ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ამოქმედებას ითხოვენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობენ.
არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაშიც. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის გაუქმება ადეკვატური ნაბიჯი იქნება.
ახალ პოლიტიკურ ცენტრში კი ამბობენ, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა ძალოვანი უწყებებისთვის მოსახლეობის კონტროლის მექანიზმია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დათმობს.
ნარკოპოლიტიკის გადახედვის მზადყოფნა დღეს ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
ავტორი: შოთა კიკნაძე.