სამტრედიაში ადგილობრივი მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სტიქიას ებრძოდა. ადგილობრივები ოთახებიდან წყლის ამოტუმბვას დილამდე საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. მათ ნაწილს შინაური ფრინველი და პირუტყვი დაეხოცა.
სტიქიის გამო სამტრედიის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. წყლის დიდი ნაკადის გამო მოსახლეობა სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
მძიმე ვითარებაა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად აქაც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილობრივების განცხადებით, ყოველი წვიმის დროს სოფელში მსგავსი სიტუაციაა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებისთვის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, სოფელში არხები ისევ მოუწესრიგებელი.
სტიქიას ებრძვიან ფოთშიც. ორი დღეა მდინარე რიონის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ამ ეტაპზე წყლის დონემ მცირედით დაიკლო, თუმცა ახლოს მდებარე სახლების ნაწილი მაინც დაიტბორა.
დღის ბოლოს ფოთში მდინარის დონემ მცირედით დაიწია, გახსნილია ხიდის ფარები, თუმცა სპეციალისტები წყლის დონის მატებას არ გამორიცხავენ და მდინარე რიონს ამ დრომდე აკვირდებიან.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.