ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, გამორიცხავს, რომ პარლამენტში იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა საქართველოში რეალურად განხორციელდება. მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს აზერბაიჯანიზაციის პირდაპირი მცდელობა.
კურიერის პირდაპირ ეთერში ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ სხვისი ღირსების დაცვის მოტივით შემოღებული კანონმდებლობა გამოყენებული იქნება კრიტიკული აზრის გასაჩუმებლად. ასეთი ტიპის ინიციატივა არის პირდაპირ მიმართული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ მაღალი სტანდარტის არის. საია-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "როგორ ხორციელდება კანონების დაცვა პრაქტიკაში სხვა თემაა, თუმცა ნორმატიული დაცვა ევროპული ქვეყნების დონისაა".
"იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო დონეზე თუ საფრთხე დაემუქრა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამხოლოდ საია-მ, არამედ ყველა აქტივისტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მისი თავისუფლებების შეზღუდვისკენ მიმართული ქმედება იქნება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა კანონის ინიციატორის ნათესაურ კავშირზე ლალი ფაფიაშვილთან. მისი თქმით, ფაფიაშვილების ნათესაური კავშირის მიუხედავად, ორივე ცალ-ცალკე შემდგარი პროფესიონალია. მისი თქმით, მამისა და შვილის გაიგივება პროფესიულ ნაწილში ტოლობის ნიშანს არ სვამს.