სამოქალაქო სექტორი პროექტ პანორამა თბილისის წინააღმდეგ სარჩელის განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მეორე თვეა, სარჩელის განხილვა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განუსაზღვრელი ვადით გადადებულია.
კულტუროლოგი, თბილისის ჰამქარის თავმჯდომარე, ცირა ელისაშვილი, სარჩელის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა მოტივით არის მათი სარჩელის განხილვა შეჩერებული სასამართლოში.
მანვე აღნიშნა, რომ ასევე არ ფლობენ ინფორმაციას სასამართლოს გადადების შესახებ და ახალი სხდომის ჩანიშვნის თაობაზე.
ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც სასამართლო ხელოვნურად ჭიანურდება, პანორამა-თბილისის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ძალიან ფორსირებული ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც და ინვესტორიც დროს იგებს, ჭიანურდება ხელოვნურად სასამართლო პროცესი და ამასობაში პანორამა პირდაპირ ამოდის, როგორც სოლოლაკის ქედზე, ასევე ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას,“ - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.