ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადება განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე გადაეცა.
ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა, რომლის წევრებიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებას და საპატიმრო სასჯელის დაწესებას მოითხოვენ.
გახდება თუ არა ცილისწამება და უხამსი გამონათქვამები დასჯადი, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც, ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დეპუტატებს მოუწევთ.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი საკანონმდებლო ინიციატივის უკეთ გაცნობას გეგმავს, თუმცა ნაწილი ნეგატიურ დამოკიდებულებას განხილვების დაწყებამდე აფიქსირებს.
საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ინიციატივას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეუხებლობის მოტივით ეწინააღმდეგებიან.
საპარლამენტო ოპოზიცის მეორე ნაწილი კი პრობლემას სწორედ შეუზღუდავ ნებასა და მედიის უკონტროლო ქმედებებში ხედავს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, შოთა ფაფიაშვილი, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის მამაა. ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლეა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე, ნინო სამყურაშვილი.