7 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს პანორამა-თბილისის საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
მათი განცხადებით, პროექტ პანორამა-თბილისის წინააღმდეგ სასამართლოში ორი სარჩელი აქვთ შეტანილი. პირველი პროცესი, დაახლოებით, ორი თვის წინ ჩატარდა და მას შემდეგ, როგორც არასამთავრობოები ამბობენ, უვადოდ გადაიდო.
საქალაქო სასამართლოში კი აღნიშნავენ, რომ ვადები დარღვეული არ არის და განხილვის გადადებას მოსამართლის გადატვირთულობას უკავშირებენ.
პარალელურად პანორამა-თბილისის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ სასამართლო სხდომების გაჭიანურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.
„ეს არ არის ჩვეულებრივი პროექტი, ეს არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც დღეს შესაძლოა, არ არის შესაბამის საჯარო სამსახურში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საჯარო უწყებებზე,“ - ამბობს ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე.
პროექტის თანახმად, პანორამას ერთი ნაწილი ლანდშაფტურ რეკრეაციულ ზონაზე მეორე ნაწილი კი ქალაქის ცენტრზე გაივლის.
ავტორი: ეკა გაგუა