დიდთოვლობის გამო ხულოში ორი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მელაძეების საცხოვრებელი მთლიანად დაინგრა, ჭერი ჩამოინგრა ჯაყელების სახლშიც. ნგრევის გამო არავინ დაშავებულა, რადგან ოჯახის წევრები თავს ახლობლებს აფარებდნენ.
უსახლკაროდ დარჩენილები დახმარებას ითხოვენ. ისინი რამდენიმე თვეა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, აქვთ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნებიც, რომ მათ სახლებში ცხოვრება არ შეიძლება, თუმცა იმის გამო, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ამ დრომდე სახლებს ვერ ტოვებდნენ.
ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა მდგომარეობა მათთვის ცნობილია. ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან, სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები რამდენიმე თვის წინ გადააგზავნეს.
მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევსა და ქედაშიც. შუახევში ნგრევის საშიშროების გამო, ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გახიზნეს.