06 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
გივი თარგამაძე მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს

გივი თარგამაძემ და მისმა უფლებადამცველმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი პროკურატურაში მანქანის აფეთქების საქმეზე თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გივი თარგამაძე და მისი ადვოკატი საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.

როგორც მათ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადეს, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხები ვერ გასცა.

„მთავარი კითხვა არის კვალიფიკაციის საკითხი, რატომ არ აძლევენ ტერაქტის კვალიფიკაციას. გაუხსნელი მკვლელობები უკვე აქვს ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, გაუხსნელი ტერაქტი ჯერ არ ქონიათ და მიტომაც ერიდებიან ამ კვალიფიკაციის მიცემას. მეორე მთავარი კითხვა, ეს არის მოტივის სრული არარსებობა. მოტივის გარეშე დანაშაულის გახსნილად გამოცხადება თავისთავად აბსურდია, წინასაარჩევნოდ ამ ადამიანს უცებ მოუნდა ჩემი მოკვლა,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

განცხადება გააკეთა გივი თარგამაძის უფლებადამცველმაც. 

„მიზეზი რა არის? რატომ აფეთქებენ გივი თარგამაძეს? თუ არ არსებობს მოტივი, უბრალოდ გაგიჟდა ვიღაც, წავიდა და გივი თარგამაძე ააფეთქა. ეს ხომ იგივეა, ნებისმიერმა ადმიანმა ნებისმიერი ადამიანი ააფეთქოს არაფრის გამო. შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი და გვაინტერესებს რატომ არ არის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მინიჭებული ამ საქმეზე,“ - განაცხადა თარგამაძის ადვოკატმა. 

დღის ამბები