გელათის ტაძრის უნიკალურ მხატვრობას წვიმისგან, რამდენიმე დღეა, სახელდახელოდ აგებული კონსტრუქცია იცავს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, კონსტრუქცია ყველა ფრესკას ვერ ფარავს.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტაძრის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო, ადგილზე მომუშავე რესტავრატორები ამბობენ, რომ წყლის ნაკადი ფრესკებს ნამდვილად აზიანებს და შესაძლოა ისინი ჩამორეცხოს კიდეც.
ტაძარი სანახევროდ გადახურეს, თუმცა შუა ნაწილში ისევ წვიმს. მიუხედავად იმისა, რომ გელათში წვიმის წყალი ჩაედინება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ფრესკების დაზიანების საშიშროებას უარყოფს.
„სოციალურ ქსელში სამწუხაროდ, გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საზოგადოებას შეიძლება შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ წყალი ახლაც ჩადის და შესაბამისად, საფრთხე ემუქრება, რაც ასე არ არის. წყალი ოპერატიულად შეჩერებული იყო,“ - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.
გელათში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ქუთაისში ამ დროისთვის თოვს, თუმცა წვიმის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, წყალმა გელათის უნიკალური მხატვრობა კვლავ დააზიანოს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი