როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და რა ნაბიჯებს დგამს სხვადასხვა სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბავშვთა უფლებების, შრომითი სტანდარტების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, განათლების, მედიისა და სხვა მიმართულებებს აფასებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, არის წინ გადადგმული ნაბიჯები ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება ვალდებულებები, რომელიც არ შესრულებულა.
"ყველგან არის თითქმის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ამ წლის ბოლომდე, ამ ძალიან მოკლე პერიოდში მაინც რჩება საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის შესრულებული. განათლების სფეროში, პროფესიული განათლების შესახებ კანონი ჯერ კიდევ მისაღებია. გარემოს დაცვის სფეროში არის მთელი რიგი ნორმატიული აქტები, რომლებიც ისევ და ისევ მისაღებად რჩება," - განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.